logo
ENG



"რუსული სტილით საუბარია ქართველ ხალხთან" - პაპუაშვილი ამერიკულ სანქციებზე

04 ივნ 202412:24
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ის მხრიდან მოსალოდნელ სანქციებს "რუსული სტილით საუბარს" ადარებს. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებთან ისაუბრა მას შემდეგ, რაც ჰომოფობიური და პროპაგანდისტული კანონის პაკეტი წარადგინა, რომლის მსგავსიც სწორედ რუსეთშია მიღებული.

"წლებია ათწლეულებია სხვადასხვა სანქციების ქვეშ ვართ ნამყოფი და მათ შორის რუსეთი არაერთხელ ცდილობდა ქართველ ხალხზე მოეხდინა გავლენა. ეს არის რუსული სტილით ქართველ ხალთან საუბარი და არ მგონია, იყოს ვინმესთვის ეს სასიკეთო, რომ ასეთი ენით ესაუბრონ ქართველ ხალხს. ამიტომ თავის მხრივ ამაზე ფიქრო და ამის გაჟღერება, არის არასწორი, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორთან საუბრობ სანქციების ენით", - თქვა პაპუაშვილმა.

24 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსულ კანონზე პასუხისმგებელი პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას, და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვებს აწესებს. ამასთან, ბლინკენმა განაცხადა, რომ "შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვას იწყებს"

კონკრეტულად ვისზე გავრცელდება სანქციები, ჯერჯერობით უცნობია. 

ამასთან, 3 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ "სანქციების დაწესებაზე არ იყოყმანებდნენ". სპიკერის თქმით, მათ გამოაცხადეს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა და "აუცილებლად უნდა ელოდოთ, რომ აშშ ამის მიხედვით იმოქმედებს".


close დახურვა